ექსპერტული შეფასება - სოციალური უზრუნველყოფა

სიღარიბის დაძლევის, სოციალური პოლიტიკისა და სოციალური დახმარების ნაწილში შემოთავაზებულია დღეს არსებული სახელმწიფო პოლიტიკის სერიოზული მოდიფიცირება, რაც სხვა ღონისძიებებთან ერთად დაუცველ პირთა მომსახურების მუნიციპალურ სტრუქტურებზე დელეგირებაშიც  უნდა აისახოს. ასევე შემოთავაზებულია სპეციალიზებული საცხოვრებლების შექმნის პროგრამა. თავისუფალი დემოკრატები მიიჩნევენ, რომ მინიმალური ხელფასის 500 ლარიან ნიშნულზე დაფიქსირება უზრუნველყოფს იმას, რომ მოქალაქეთა საათობრივი ანაზღაურება აღარ ჩამოცდება ისეთ მინიმუმს, რომელიც მას მუდმივი სიღარიბისთვის მდგომარეობაში ამყოფებს. ლაპარაკია ვეტერანებისთვის შეღავათებისა და მიზნობრივი სოციალური დაცვის პროგრამის აღდგენაზე, დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასა და ბანკის სესხის პროცენტის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებაზე. ძალზე საყურადღებოა ბავშვების ქრონიკული სიღარიბის დაძლევის ინიციატივა.

ბანკის სესხის პროცენტის საშემოსავლო გადასახადიდან გათავისუფლების ინიციატივა დაზუსტებას მოითხოვს, ვინაიდან გაუგებარია, კერძოდ რა საგადასახადო შეღავათზეა საუბარი და რატომ დაუზოგავს ის  მოქალაქეს საშუალოდ 1200 ლარს. ზოგადად, დეპოზიტებისა და სესხების ტრანსაქციებში საგადასახადო ტვირთის შემცირება უთუოდ გაზრდის მათ მოცულობას, მაგრამ ვინ რამდენს მოიგებს დამოკიდებული იქნება ფულადი რესურსის მოთხოვნა-მიწოდების ელასტიურობაზე. ის, თუ რას ისარგებლებენ ბანკები და მსესხებლები, ასევე თუ რა დააკლდება ბიუჯეტს მოკლევადიან პერიოდში, რაც მოგვიანებით დაკრედიტების ოპერაციების რაოდენობისა და მოცულობის ზრდით უნდა შეივსოს, სერიოზულ ანალიზს მოითხოვს.

მოვესალმებით ბავშთა სიღარიბის აღმოსაფხვრელად მიმართულ ღონისძიებას. ეს თვალსაჩინო სიახლეა ქართულ პოლიტიკაში და აჩვენებს, რომ დოკუმენტის შემდგენლებს კარგად აქვთ გაცნობიერებული ბავშთა სიღარიბის აღმოფხვრის არა მხოლოდ ჰუმანიტარული, არამედ გრძელვადიანი ეკონომიკური ასპექტებიც. მართალია საკამათოა ის, თუ რამდენად აუცილებელია და საკმარისია ყოველწლიური 50 მილიონი ლარის ხარჯი   ბავშვთა სიღარიბის სულ რაღაც 4 წელიწადში დასაძლევად.

ეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პლატფორმაში საპენსიო პოლიტიკას შედარებით ნაკლები ადგილი ეთმობა და შემოიფარგლება მინიმალური პენსიის 300 ლარამდე გაზრდისა და შემდგომში ინფლაციის ინდექსირების, ასევე დაგროვებითი სისტემის შემოღების ინიციატივით. ის თუ რამდენად შესაძლებელია ეს მოკლევადიან ოპერიოდში, საეჭვოა.