ექსპერტული შეფასება - განათლება

თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პლატფორმის დოკუმენტში განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია განათლების სექცია.  შეიძლება ითქვას, რომ ეს კომპონენტი მათი წინასაარჩევნო პლატფორმის ღერძია და გადმოცემულია მაღალი ხარისხით, ლოგიკური თვალსაზრისით გამართულად და გასაგებად. შესავალში ჩამოყალიბებულია პარტიის კრედო და განათლების სისტემის რეფორმირების მკაფიო ამოცანები. სასიხარულოა, რომ  სისტემის რეფორმის უმთავრეს აგენტად და საყრდენად მასწავლებელი მიიჩნევა, რაც უთუოდ კარგი დასაწყისია.

განათლების სისტემის რეფორმის ძირითადი კომპონენტები შემდეგია: საზოგადოების ჩართულობა, საყოველთაო სკოლამდელი განათლება, სასკოლო განათლება, უმაღლესი განათლება, ზრდასრულთა გადამზადება, პროფესიული მომზადება და მეცნიერება. ფაქტობრივად, თავისუფალ დემოკრატებს მსჯელობიდან არ გამორჩენიათ სრულფასოვანი საგანამანათლებლო სისტემის არც ერთი ასპექტი. შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ განათლების ნაწილში თავისუფალი დემოკრატების პლატფორმა წარმოადგენს სრულფასოვნი, გრძელვადიანი რეფორმის შეთავაზებას საზოგადოებისადმი. ამის გამო, გაძნელებულია დოკუმენტის მოკლედ შეფასება, რისგანაც თავს შევიკავებთ და ყურადღებას მივაპყრობთ განათლების სისტემის რეფორმირების შემოთავაზებული სქემის მოკლევადიან და გრძელვადიან ფინანსურ იმპლიკაციებს.

წინასასკოლო განათლების სისტემის ნაწილში მიგვაჩნია, რომ თავისუფალი დემოკრატების მიერ შემოთავაზებული ღონისძიებების დაფინანსება სახელმწიფოს სავსებით ხელეწიფება. მიუხედავად ამისა, გათვალისწინებული უნდა იყოს ბუნებრივი ურბანიზაციული პროცესები, რაც სოფლად მოსახლეობის ,,დამაგრებას“ გაართულებს, ამიტომაც სახელმწიფომ ფრთხილად უნდა დააფინანსოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. მისასალმებელია, რომ განათლების რეფორმას თავისუფალი დემოკრატები სკოლამდელი სისტემის რეფორმირებიდან ,,იწყებენ.“ ჩვენი აზრით, ეს იმის მანიშნებელია, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული ის ფაქტი, რომ წინასასკოლო განათლებაში საჯარო ფინანსების სწორი ინვესტირება მოგვიანებით სახელმწიფოსთვის ყველაზე მეტი სარგებლის მომტანია.

სასკოლო განათლების სისტემაში გასატარებელი ღონისძიებებიდან გამოვყოფდოთ სკოლებში პოლიტიკური თუ რელიგიური ორგანიზაციების ჩარევის პრევენციისა და დაფინანსების გაზრდისკენ მიმართულ, ასევე კონკურენციის ასამაღლებად განკუთვნილ ღონისძიებებს. ძალიან სერიოზული ეკონომიკური სარგებლის მომტანია ქართული ენის სწავლების ხარისხის ამაღლება, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში. ეს ნამდვილად უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მონაწილეობას შრომის ბაზარში. ეკონომიკურად სავსებით გამართლებული და მაღალი შედეგების მომტანია სკოლებში ბიბლიოთეკების მოწესრიგება და ინტერნეტში ჩართულობის უზრუნველყოდფა.

უმაღლესი განათლების ნაწილში მისასალმებელია სურვილი გაუმჯობესდეს დღეს არსებული ვაუჩერული სისტემა, რომელიც ნამდვილად ვერ იძლევა ქვეყნისათვის საჭირო რაოდენობით ხარისხიან სპეციალისტებს. ამ ნაწილშიც დოკუმენტში მოყვანილი შემოთავაზებები ფუნდამენტური ხასიათისაა და შეფასებისას მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ სკოლამდელი და სასკოლო განათლებისგან განსხვავებით, უმაღლესი განათლებაში სახელმწიფო დაფინანსების  ზრდასთან დაკავშირებით გარკვეულწილად ფრთხილ და სკეპტიკური პოზიციას ვიკავებთ.

ზრდასრულთა განათლების ნაწილში აბსოლუტურად ვეთანხმებით შემოთავაზებას სახელმწიფო სტრუქტურების განკარგვაში არსებული ფონდების თანამშრომელთა გადამზადებაში გამოყენების შესახებ. სწორია ისიც, რომ ამჟამად სამინისტროები და უწყებები თავიანთი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მხოლოდ ფრაგმენტულად თუ ზრუნავენ და დონორების მიერ დაფინანსებული ფრაგმენტული ტრენინგებითა და მოკლევადიანი სასწავლო ვიზიტებით კმაყოფილდებიან. დღეს არსებული რეგულაციების თანახმად, სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან თავიანთი ბიუჯეტების 1% წლიურად პერსონალის გადამზადებას დაუთმონ. ამ რესურსების სწორად გამოყენება ეკონომიკურად გამართლებული და აუცილებელია.  

მიგვაჩნია, რომ მეცნიერების ნაწილში თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პლატფორმის ავტორებს ოდნავ უფრო მეტი პრაგამტიზმი უნდა გამოეჩინათ. გასაგებია, რომ ქართული მეცნიერების წინსვლა ყველას სურს, მაგრამ საქართველოში უცხოური მაღალი ტექნოლოგიების შემოტანის შესაძლებლობას სკეპტიკურად ვუყურებთ, მით უფრო, რომ დოკუმენტის ავტორები სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ამჟამად ჩვენი საგანამნათლებლო სისტემა სათანადო კვალიფიკაციის სტუდენტებს სასურველი რიცხვით ვერ უშვებს, ამგვარად უახლოეს მომავალში ბევრი მაღალკვალიფიციური მეცნიერის ყოლის იმედი არ უნდა გვქონდეს.  რაც შეეხება კვლევის ასპექტების გაძლიერებას, ეს ჩვენი აზრით მიიღწევა უმაღლესი სასწავლებლების ხარისხის ამაღლებითა და საერთაშორისო პროექტებში უფრო აქტიური ჩართულობით. გარდა ამისა, არ ვეთანხმებით თავისუფალი ინდუსტრიული ზონების იდეას, ხოლო სახელმწიფოს სპონსორობით მოწყობილი ტექნოპარკების პერსპექტივა სათუოდ გვეჩვენება. მისასალმებელი და რეალისტურია ყოველწლიურად ზოგად განათლებაზე მშპ-ს საშუალოდ 4%-ის უზრუნველყოფა.  ამავე დროს, ეს ნიშნული რაიმე დოგმას არ წარმოადგენს, მთავარია, რომ განათლების დაფინანსება, როგორც წილი მშპ-ში თანდათან იზრდებოდეს მისი ეფექტიანობისა ხარისხის ამაღლების კვალობაზე.

მთლიანობაში, როგორც უკვე აღინიშნა, თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პლატფორმის განათლების სექცია სავსებით გამოდგება სრულფასოვანი რეფორმის საწყის წერტილად, რომლის განხორციელებაც საზოგადოების კონსენსუსს, ჩართული მხარეების კოორდინაციასა და დისციპლინას მოითხოვს. ეს პროგრამა სავსებით განხორციელებადია, თუმცაღა ამას პრაქტიკაში შესაძლოა ხელი შეუშალოს კონიუნქტურულმა პოლიტიკურმა პროცესებმა, კერძოდ იმან, რომ ასეთი რეფორმის ყველა ასპექტი ვერ იქნება პოპულარული და სხვა. ასევე რთულია განათლებაზე დაფინანსების ჯერადი ზრდა დროის შეზღუდულ მონაკვეთში. ეს, თანდათან უნდა განხორციელდეს.