ექსპერტული შეფასება - მაკროეკონომიკური საკითხები

 

შესავალი

რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ბლოკი იწყება არსებული  პრობლემების გამომწვევი მიზეზების ძიებით. ამის შემდეგ, დოკუმენტის დასაწყისშივე შემოთავაზებულია პარტიის ეკონომიკური პოლიტიკა. რესპუბლიკური პარტიის მესვეურები  წინსვლის საფუძველს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაში ხედავენ, რასაც ცალკე თავი ეთმობა. განხილულია მონეტარული პოლიტიკა, ინვესტიციების მოზიდვისა და კაპიტალის ბაზრის განვითარება, ასევე საპენსიო და სამედიცინო დაზღვევა, დასაქმება და საგარეო ვაჭრობა.

რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო პროგრამის ანალიზის მიზნით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის, მონეტარული პოლიტიკის, ინვესტიციების მოზიდვისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების, ასევე დასაქმებისა და საგარეო ვაჭრობის საკითხებს განვიხილავთ ჩვენი ანალიზის მაკროეკონომიკურ ბლოკში, ხოლო საპენსიო და ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხებს - სოციალური და ჯანდაცვის პოლიტიკის ბლოკში. ცალკე თავის სახით, სოფლის მეურნეობა გამოტანილი არ არის. აქედან გამომდინარე, მას არ განვიხილავთ. ასევე, დეცენტრალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების თავში განხილულია ბიზნესის ხელშეწყობის სპეციფიკური ღონისძიებები, რომლებსაც ეკონომიკური ბლოკის სხვა კომპონენტებთან ერთად განვიხილავთ. ცალკე იქნება განხილული განათლების პოლიტიკა, რომელიც არც თუ ისე დიდი, თუმცა რომელსაც პარტიის პროგრამაში საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული სექცია ეძღვნება.

 

ეკონომიკა

რესპუბლიკელების აზრით, მომდევნო წლების განმავლობაში ეკონომიკური ცხოვრების გაჯანსაღების მიმართულებით უმთავრესი გადასადგმელი ნაბიჯები მსხვილი ფინანსური მონოპოლიებიდან გათავისუფლება, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, მასობრივი დასაქმების უზრუნველყოფა, სიღარიბის დაძლევა და სოციალური და რეგიონული დისპროპორციების დაძლევა, დაგროვებითი საპენსიო სისტემის თანდათანობითი ამოქმედება, ასევე საჯარო სექტორის კვალიფიკაციის ამაღლებაა.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემების, კერძოდ ცხოვრების დონის ამაღლების შეუქცევადი ტენდენციის მიღწევის ამოცანის შეუსრულებლობა, რესპუბლიკური პარტიის აზრით, ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი სახელმწიფო პოლიტიკაა. მიჩნეულია, რომ 15 წლის განმავლობაში საბიუჯეტო ადმინისტრირების გაუმჯობესება ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროა. ასევე, აღინიშნება ზრდა ეკონომიკის რამდენიმე მსხვილ სექტორში (მშენებლობა, ვაჭრობა, ფინანსური სექტორი), ხოლო დანარჩენი მიმართულებები ნაკლებად ვითარდება. დოკუმენტში ნახსენებია, რომ საბანკო კრედიტის უმთავრეს წყაროს უცხოეთიდან მოზიდული სახსრები და არა შიდა დანაზოგები შეადგენს. ასევე პრობლემურია მოხმარების დაზოგვაზე სწრაფი ზრდა, რაც დოკუმენტის ავტორების აზრით,  იმპორტის მოძალებასა და ქვეყნის საგარეო დავალიანების ზრდას იწვევს. რესპუბლიკელები ასევე მიიჩნევენ, რომ ჯერაც ვერ ხერხდება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, რომელმაც დასაქმების უზრუნველყოფის ტვირთი უნდა აიღოს. რესპუბლიკური პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ავტორთა აზრით, ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მდგომარეობა არ გაუუმჯობესებია.

რესპუბლიკური პარტიის მიერ პოსტულირებლი პრობლემების უმეტესობა მეტ-ნაკლებად სწორადაა გამოკვეთილი, თუმცა, ჩვენი აზრით, ობიექტურობის თვალსაზრისით, ზოგი  შეფასება პრობლემურია. უპირველეს ყოვლისა, არაა მართებული იმის თქმა, რომ ეკონომიკურ ზრდას მოსახლეობის უმრავლესობის ცხოვრების პირობები არ გაუუმჯობესებია. ეს ასე არაა, ვინაიდან ცხოვრების დონის გაუმჯობესება საგრძნობია ყველა ძირითადი სოციალური ჯგუფის მიხედვით. ასევე უმჯობესდება ცხოვრების დონე რეგიონებშიც, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე. სხვა საქმეა, რომ ქვეყანაში მაღალია სიღარიბის მაჩვენებლები, სახეზეა რეგიონების განვითარების დონის მზარდი ჩამორჩენა დედაქალაქთან შედარებით, მაგრამ ეს ყველაფერი ფარდობითია და არა აბსოლუტური მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ.

კორექტულია განცხადება იმის შესახებ, რომ წვრილი და საშუალო ბიზნესი ჯერაც ვერ ახერხებს სამუშაო ადგილების სათანადო რაოდენობით შექმნას, რაც გადამწყვეტია დასაქმების უზრუნველყოფაში. სწორია მოსაზრება იმის შესახებ, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა წინააღმდეგობრივი და ბუნდოვანია, თუმცა ვერ მივიჩნევთ კორექტულად იმას, რომ იმპორტის ზრდა რაიმე განსაკუთრებული ზიანის მომტანია ეკონომიკის განვითარებისათვის. ჯერ ერთი, იმპორტით ქვეყანაში შემოდის ხანგრძლივი მოხმარების საქონელი და სურსათის ის ჯგუფები, რომლებიც საქართველოში სათანადო რაოდენობითა და კონკურენტული ფასებით არ იწარმოება. ეს ბუნებრივი მოვლენაა ყველა ქვეყნისათვის. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კერძო სექტორი საიმპორტო საქონლის შესყიდვასთან დაკავშირებული რესურსების აკუმულირებას ვერ მოახერხებს, ავტომატურად ჩაირთვება საგადახდელო ბალანსის კორექტირების მექანიზმი. ასევე საგულისხმოა ისიც, რომ იმპორტით ხანგრძლივი მოხმარებისა და საინვესტიციო საქონელიც შემოდის, არც აუცილებელია გრძელვადიანი ზრდის საფუძვლების შესაქმნელად. დოკუმენტის ავტორებს შევახსენებთ იმასაც, რომ მაგალითად საქართველოს აგრობიზნესში შექმნილი დამატებული ღირებულების მნიშვნელოვანი წილი სწორედ იმპორტულ საქონელზე მოდის. კერძოდ, იმპორტირებული ხორბლისა თუ ხორცპროდუქტების გადამუშავების შედეგად შექმნილი დამატებული ღირებულება მშპ-ს მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი ხდება.

რესპუბლიკელები ამომრჩეველს სთავაზობენ პოლიტიკას, რომელიც ,,რეალურ სექტორზე და არა აბსტრაქტულ ეკონომიკურ ზრდაზეა“ მიმართული. ამისათვის შემოთავაზებულია დამატებითი რეგულაციების შემოღებიდან თავის შეკავება, ასევე მთავრობის, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის წინამძღოლის მიერ, რეალისტური და პროფესიონალური ხედვების განხორცელება. შემოთავაზებულია ასევე გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში არსებული ჩამორჩენების არეების იდენტიფიკაცია და შესაძლებლობის ფარგლებში ამ ჩამორჩენის დაჩქარებული დაძლევის ღონისძიებების შემუშავება. ასევე შემოთავაზებულია რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის სქემები.

დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, ლიბერალიზმის საყოველთაო პრინციპების ერთგულნი არიან, თუმცა, ამავე დროს ,,ახალი სტრუქტურული ეკონომიკის“ კონცეფციის ცალკეულ მიდგომებსაც აღიარებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ ახლა, ზრდის ადრეულ ეტაპზე სახელმწიფოსა და კერძო სექტორის კომპეტენციათა ზღვარი ძალიან მკაფიოდ უნდა გაივლოს და ბაზარს სახელმწიფოს ჩარევის გარეშე მეურნეობის წარმოების გარანტიები უნდა მიეცეს. ამავე დროს,  გამართლებულად მიიჩნევა დროის მოკლევადიან პერიოდში შერჩეულ სექტორებში აქცენტირებული სახელმწიფო ინტერვენციების განხორციელება. იქვე აღნიშნულია, რომ გრძელვადიანი ზრდის უზრუნველყოფის გზაზე მდგარი გლობალური დაბრკოლებების გადალახვაში სახელმწიფომ გადამწყვეტი როლი უნდა ითამაშოს. ასევე ნათქვამია, რომ უნდა შეიცვალოს ეკონომიკური განვითარების პარადიგმა და ის მოხმარებაზე ორიენტირებულიდან დაზოგვაზე ორიენტირებული უნდა გახდეს და უნდა შემცირდეს იმპორტზე დამოკიდებულება.

ამ ზოგადი პოსტულატების შეფასებისას იქმნება საკმაოდ წინააღმდეგობრივი შთაბეჭდილება. პირველ რიგში, დოკუმენტის ეს ნაწილი საკმაოდ ბუნდოვნადაა ჩამოყალიბებული, გაჯერებულია აბსტრაქტული ცნებებით, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან მკაფიოდ არაა დაკავშირებული. გაძნელბულია იმის დადგენა, თუ რა საჭიროა ისეთი ტერმინების ხსენება, როგორებიცაა პოლიტიკური ვექტორების არასტაბილურობა, პოსტსოციალისტური მენტალობა, კონსუმერიზმი და სხვა. სასურველია, დოკუმენტის ეს ნაწილი ბევრად უფრო ლაკონურად იყოს ჩამოყალიბებული. თავისი არსით, წინასაარჩევნო პროგრამა მოსახლეობის ფართო მასებისათვის უნდა იყოს განკუთვნილი და იოლად აღსაქმელი. რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო პროგრამის დოკუმენტის ფორმატი იმგვარია, რომ თითოეულ შემოთავაზებულ ღონისძიებაზე მსჯელობას წინ უძღვის შესაბამისი ხაზგასმული გზავნილი, თუმცა გზავნილის შემდგომი ტექსტი არა თუ არ აზუსტებს გზავნილის შინაარს, არამედ ბუნდოვანსა და გაურკვეველს ხდის მას.

ჩვენი აზრით, ისიც აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური პოლიტიკის შესავალ ნაწილშივე ფიქსირდება შეუთავსებელი წინააღმდეგობები და ადგილი აქვს ეკლექტიკას. ერთის მხრივ, დოკუმენტის ავტორები ლიბერალიზმის საყოველთაო პრინციპებს აღიარებენ, მეორეს მხრივ კი შერევითი ინტერვენციონალიზმის პოლიტიკას გვთავაზობენ. იდეოლოგიური პოზიციის თვალსაზრისით, ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან უბრალოდ შეუთავსებელია. თავისი განმარტებით, ლიბერალიზმი შერჩევით ინტერვენციონალიზმს უარყოფს. გარდა ამისა, თუ რესპუბლიკელები სახელმწიფოსა და კერძო სექტორების კომპეტენციათა მკაფიო და უკომპრომისო გამიჯვნის მომხრეები არიან, გაუგებარია როგორ აპირებენ გლობალური კონკურენტულობის რეიტინგში დაწინაურებას ნახტომისებური წინ წაწევის ერთიანი გეგმის მეშვეობით.

კონკრეტული შემოთავაზებებიდან ყურადღებას იქცევს პროგრესიული გადასახადის შემოღება და საშემოსავლო გადასახადის ზედა ზღვრის 20-დან 15%-მდე დაწევა, თანაც 10 და 15%-იანი საფეხურებით. აქვეა შემოთავაზება სავალდებულო საპენსიო და სადაზღვევო შენატანებთან დაკავშირებით 2%-დან 5%-მდე. გარდა ამისა, რესპუბლიკელები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკურ განვითარებას ხელს ისიც შეუწყობს, რომ ერთობლივი შემოსავლის დასაბეგრი ბაზიდან კანონოთ დადგენილი წესით განათლებასთან, ჯანდაცვასთან, ასევე ცალკეულ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ხარჯები გამოაკლდება. შესაძლოა პროგრესიული გადასახადის შემოღება ლოგიკური და გამართლებული ღონისძიებაა, მაგრამ გაუგებარია, თუ რა შედეგებს მოიტანს იგი შემოთავაზებული ფორმატით, მით უმეტეს მოსახლეობის შედარებით დაბალშემოსავლიანი ჯგუფებისათვის. რესპუბლიკელები სოციალურ უთანაბრობასა და მის ზრდას სერიოზულ ეკონომიკურ პრობლემად მიიჩნევენ. ამ ფონზე არსებული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის 5%-ით შემცირება და 10% და 15%-იანი საფეხურის შემოღება, ამ პრობლემის შერბილებას დიდად ხელს ვერ შეუწყობს. ასევე ფრთხილი შეფასებები უნდა გაკეთდეს ერთიანი შემოსავლებიდან ცალკეული ხარჯების გამოქვითვის შესახებ. ეს მკაფიოდ უნდა განიმარტოს თავიდანვე, ვინაიდან შესაძლოა ასეთი ტიპის შეღავათებით უპირველესად მაღალშემოსავლიანმა ფენებმა ისარგებლონ, რომლებსაც სწავლის საფასურის არაპირდაპირი სუბსიდიის მიღების საშუალება შეექმნებათ. თავის მხრივ, ასეთი ტიპის შეღავათები საკმაოდ აძვირებს სწავლის საფასურსაც, სხვა ფაქტორების თანაბრობის პირობებში.  

კარგი ინიციატივებია საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფა, დავების გადაწყვეტის მექანიზმების გაუმჯობესება და ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელ ღონისძიებებს თითქმის ყველა საარჩევნო სუბიექტი სთავაზობს ამომრჩეველს.

რესპუბლიკური პარტია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას სამართლიანად მიიჩნევს ეკონომიკური განვითარების საფუძვლად. ამ მიმართულებით გაცხადებული ზოგადი პოსტულატები სავსებით სწორია და შეესაბამება დასახულ მიზანს. პარტიის აზრით, მნიშვნელოვანია კრედიტებზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ნედლეულსა და რესურსებზე მონოპოლიური ფასების შემცირება. ამასთან დაკავშირებით ის შეიძლება ითქვას, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება თანდათანობითი პროცესია, რასაც დრო სჭირდება და ზოგადად ბოლო წლების ტენდენცია გვიჩვენებს, რო  საქართველოში საპროცენტო განაკვეთი ნელა, მაგრამ მაინც მცირდება. აზრი მონოპოლიური ფასების შემცირების შესახებ საკმაოდ გაუგებარია. უნდა განიმარტოს, თუ რომელ ფასებზეა საუბარი და რაზე დაყრდნობით კეთდება ასეთი განცხადება. გარდა ამისა, თუ სადმე მონოპოლიური ფასწარმოქმნაა, ასეთი ფასები კი არ უნდა შემცირდეს, არამედ ბაზრის გახსნისკენ მიმართული შესაბამისი პოლიტიკით პრობლემა უნდა მოიხსნას. ზოგადად, კრედიტებთან და ფულად სახსრებთან წვდომის პრობლემა გადაჭარბებულად გვეჩვენება, ვინაიდან კაპიტალის ფაქტორთან ერთად წარმოებაში შრომაც (როგორც დასაქმებულთა, ასევე მენეჯერთა) მონაწილეობს და შესაძლოა სასურველზე დაბალი ეკონომიკური ზრდა სწორედ ამ უკანასკნელის სისუსტით იყოს განპიროებული, და არა კაპიტალურ რესურსებიზე სასურველზე ნაკლები წვდომით.  

არ ვეთანხმებით რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ფონდების შექმნის იდეასა და გარკვეული კრიტერიუმებით კონკურსების ჩატარების მეშვეობით ბიზნეს პროექტების შერჩევას ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. წინასაარჩევნო პროგრამის დასაწყისში სამართლიანად არის შენიშნული, რომ ეკონომიკური ზრდა ქვეყნის კეთილდღეობის განმსაზღვრელი ერთადერთი პარამეტრი არ არის. ამ ლოგიკით, არც ეკონომიკური ზრდა და არც დასაქმებაა თვითმიზანი. ესენი მოქალაქეთა ცხოვრების დონის ამაღლების საშუალებებია. დოკუმენტის ამ სექციის წაკითხვისას კი იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფომ ნებისმიერი საშუალებებით უნდა იზრუნოს სამუშაო ადგილებისა და ბიზნესის განვითარებაზე, არადა ამ ტიპის საქმიანობას აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, როცა მოსალოდნელი სარგებელი შესაბამის ხარჯებს გადაწონის.

ჩვენი აზრით, დოკუმენტის ავტორების მიერ შემოთავაზებული ბიზნესის წახალისების სქემები რაც ასევე რეგიონულ და დარგობრივ პრიორიტეტიზაციას, გაცემული ფულადი რესურსების რაოდენობის რანგირების  მკაცრ ჩარჩოებს, შესაბამისი კონკურსების ჩატარებასა და სხვა ადმინისტრაციულ პროცედურებს მოიცავს, ნამდვილად არაა  გამართლებული და განხორციელების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში სერიოზული უკან გადადმული ნაბიჯი იქნება. გარდა ამისა, ასეთი ღონისძიებები კარდინალურად ეწინააღმდეგება პარტიის მიერ გაცხადებულ ლიბერალურ ეკონომიკურ კრედოს და არსებულ მდგომარეობასან შედარებით, როცა მოქმედი ხელისუფლება ბიზნესში არასათანადო ჩარევაშია დადანაშაულებული, ბევრად უფრო ტლანქ მოქმედებას წარმოადგენს. გაუგებარია რატომ, საიდან და რა მექანიზმით უნდა გამოიყოს წლიურად 60 მილიონი ლარი  რეგიონებში დამწყები ბიზნესის განვითარებისათვის, ხოლო მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 200 მილიონი ლარი. ეკონომიკურ ლოგიკას მოკლებულია შემოთავაზება რეგიონებზე მოსახლეობის რაოდენობის პროპორციის მიხედვით რესურსების გადანაწილებისა. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამამ ვერ იმუშავა, რით უნდა შეივსოს ბიუჯეტის მიერ გაწეული ხარჯებით გამოწვეული შესაძლო დეფიციტი?

ჩვენი რწმენით, სახელმწიფომ ზოგადად ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი ყველა რეგიონში, ასევე შეძლებისდაგვარად მოაწესრიგოს ძირითადი ინფრასტრუქტურა, სოციალური პოლიტიკით შეეცადოს ცხოვრების დონის გამოთანაბრებას, ხოლო რესპუბლიკელთა შემოთავაზებული ინსტრუმენტებით ბიზნესის სტიმულირება მის კომპეტენციაში არ შედის. ვერ გავიზიარებთ შემოთავაზებას ეგრეთ წოდებული ,,კლასტერული დაფინანსებისათვის“, რომელიც არსებითად ბიზნესში სახელმწიფოს ჩარევის კლასიკურ მაგალითად მიგვაჩნია. განზრახვა და სურვილი ეკონომიკური განვითარბის დაჩქარებისა ერთია, ხოლო მეორე ამის გზაზე მდგარი ობიექტური რეალობა და პრაქტიკული მოსაზრებები.

დასაქმების სექციაში რესპუბლიკელების მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები გამართლებულია, თუმცა ზოგადი ხასიათისაა და მათი განხორციელება ქვეყნის თანდათანობითი ევოლუციის გზაზეა შესაძლებელი. უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების სტიმულირების კონკრეტული მექანიზმები უფრო სრული სახით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სექციაშია გადმოცემული.

მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით რესპუბლიკელების პოზიცია საკმაოდ წინააღმდეგობრივია. ნათქვამია, რომ მოსახლეობას არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ გაცვლითი კურსის კონტროლი გადამცვლელი პუნქტებისა და კომერციული ბანკების ხელშია. ეს საკმაოდ გაუგებარი განცხადებაა, ვინაიდან ბანკები ეკონომიკის ნაწილია და ეკონომიკაში, მის საგარეო და საშინაო სექტორების ჩავლით, მიმდინარე პროცესები ბანკებზეც აისახება და პირიქით. მეორეც, გაუგებარია თუ როგორ აკონტროლებენ ბანკები და გამცვლელი პუნქტები ვალუტის კურსს, როცა ამას დოკუმენტის ავტორთა აზრით, ეროვნული ბანკიც ვერ ახერხებს სათანადოდ. არ მიგვაჩნია სწორად, თუნდაც არაპირდაპირ ბანკებისა და მოსახლეობის ინტერესთა შეპირისპირება.

რესპუბლიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც ეროვნულ ბანკს საჭიროების შემთხვევაში სავალუტო კურსის ცვლილებაზე უფრო მკვეთრი რეაგირებისკენ მოუწოდებენ, მიგვაჩნია, ეროვნულმა ბანკმა საკმაოდ წარმატებით გაართვა თავი გასული წლის სავალუტო კრიზისს რეგიონის იმ ქვეყნებთან შედარებითაც კი, რომელთაც უფრო მძლავრი ეკონომიკა და მეტი სავალუტო რეზერვები გააჩნდათ. თუ რესპუბლიკური პარტია ფიქსირებულ სავალუტო კურსზე გადასვლას გვთავაზობს, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ გაცვლითი კურსის დადგენისას მომხდარი გარიგებების შესახებ ინფორმაცია არ არის გამჭვირვალე და მოსახლეობას არ მიეწოდება, რასაც ვერ გავიზიარებთ.

ასევე საუბარია იმაზე, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა მხოლოდ რეზერვების მუდმივ ზრდაზეა მიმართული. ეს რომ ასე არაა, უახლოესმა წარსულმაც დაადასტურა, როცა ეროვნულმა ბანკმა რეზერვების სერიოზული მოცულობა გახარჯა. ამასთანავე, მართებულია მოსაზრება  იმის თაობაზე, რომ მეკროეკონომიკური მართვისათვის აუცლიებელია ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის კოორდინაციის უფრო მაღალი ხარისხი, რაც აუცილებლად გასაკეთებელია.

ინვესტიციებისა და კაპიტალის ბაზრის სექციაში აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ქვეყანაში შემოსული ინვესტიციები პრივატიზაციასთან იყო დაკავშირებული. ეს დოკუმენტის ავტორთა აზრით, სამწუხარო ფაქტია.  გაუგებარია, თუ რატომაა ეს სამწუხარო და ამაზე მეტის მოლოდინი რატომ უნდა გვქონოდა. ეს სამწუხარო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ ჩადებული ინვესტიციების შემდეგ ეს საწარმოები იმაზე ცუდად მუშაობენ ვიდრე პრივატიზაციამდე. გასაგებია, რომ სასურველია უცხოური ინვესტიციების მოზიდვა უფრო მეტადაც, მაგრამ ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი, მრავალი ობიექტური ფაქტორის გამო.

სწორადაა შენიშნული, რომ სახელმწიფომ უნდა გამორიცხოს ძალოვანი სტრუქტურებისა და ჩინოვნიკური აპარატის ბიზნესში ჩარევის ნებისმიერი ნიშანი, იმისთვის რათა ინვესტიციები ქვეყანაში შეუფერხებლად შემოდიოდეს. სწორია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ უნდა გააძლიეროს მუშაობა ინვესტორებთან საქართველოშიც და უცხოეთშიც არსებული რესურსების გამოყენებით. ვერ დავეთანხმებით მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სახელმწიფომ უცხოეთიდან სახსრები არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის უნდა მოიზიდოს, არამედ ბიზნესის განვითარებისათვისაც. ჯერ ერთი, სახელმწიფო უცხოეთიდან სახსრებს, მათ შორის დონორულ რესურსებს, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის იზიდავს (მაგალითად, განათლება, ჯანდაცვა, ინსტიტუციონალური განვითარება). და მეორეც, ინფრასტრუქტურის გარეშე ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირება წარმოუდგენელია, მაშინ როცა სახელმწიფოს სპონსირებული სქემებით ბიზნესის განვითარება არც თუ ისე გამართლებულია.

ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებს რესპუბლიკური პარტია ძალზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. დოკუმენტში სინანულითაა აღნიშნული რომ ბოლო წლებში ფასიანი ქაღლდების გარიგებების მოცულობა იმდენად დაეცა, რომ უმნიშვნელოც კი გახდა. რესპუბლიკელთა აზრით, ამის მიზეზი არასათანადო პოლიტიკასა და კანონმდებლობაშია საძიებელი. მიგვაჩნია, რომ მართლაც საჭიროა ამ სფეროში თანამედროვე კანონმდებლობის მიღება და თანმიმდევრული და გამჭვირვალე პოლიტიკის შემუშავება, თუმცა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე დიდი აქცენტის გაკეთება მთლად გამართკლებულად არ მიგვაჩნია, ვინაიდან ამ ტიპის ფინანსური შუამავლობის როლი საქართველოს ეკონომიკაში სავარაუდოდ, მაინც შეზღუდული დარჩება.

ძალიან სწორი და დროულია შემოთავაზებები ექსპორტის ხელშეწყობის შესახებ, კერძოდ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიკალურად უნდა შეცვალოს ეკონომიკური დეპარტამენტის როლი და ფუნქცია, აქტიურად იმუშაოს საქართველოს არსებულ და პოტენციურ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან და განახორციელოს მიზნობრივი და მასშტაბური საინფორმაციო საქმიანობა.