ექსპერტული შეფასება - ჯანდაცვა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხები რესპუბლიკელთა წინასაარჩევნო პროგრამაში გადმოცემულია საკმაოდ ლაკონური, ამასთანავე ლოგიკურად გამართული სახით. სამართლიანად აღინიშნება, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების თვალსაზრისით ბოლო დროს მიღწეული შედეგების მიუხედავად, სწრაფად იზრდება შესაბამისი ხარჯები და თუ დროულად არ განხორციელდა სათანადო რეფორმები, შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

გამართლებულია დაქირავებით მომუშავეთა კერძო სადაზღვევო კომპანიებში ჩართვის ინიციტივა. მართალია, ამ შემოთავაზებულ ღონისძიებასაც ახლავს თან მთელი რიგი სირთულეები, მაგრამ არსებულ მოდელზე გაცილებით უფრო მდგრადია ფინანსური თვალსაზრისით. ყურადსაღებია შემოთავაზება  საშემოსავლო გადასახადის მინიმალურ სადაზღვევო შენატანად ტრანსფორმირების  შესახებ.

მისაღებია შემოთავაზება სადაზღვევო შენატანების დამქირავებლის დასაბეგრი ბაზიდან გამოქვითვისა, რაც ნამდვილად გაზრდის კერძო დაზღვევის ფუნქციონირების არეალს. მართებულია მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კერძო კომპანიებში დაზღვეულთა მომსახურების ხარჯები ჯანდაცვის საყოველთაო სისტემამ არ უნდა აანაზღაუროს. ზოგადი პოლიტიკის თვალსაზრისით, ჯანდაცვის  მიმართულებით შემოთავაზებული ღონისძიებები გამართლებულია, თუმცა ვისურვებდით მეტი გვცოდნოდა ამ ღონისძიებათა გატარების შემოთავაზებულ მექანიზმებსა და ვადებთან დაკავშირებით.

ეკონომიკური ლოგიკა უდევს საფუძვლად შემოთავაზებას საპენსიო რეფორმის მიზნით მოსახლეობის სამ ასაკობრივ ჯგუფად დაყოფის შესახებ იმისათვის, რათა დღევანდელი საპენსიო სისტემიდან დაგროვებაზე ორიენტირებულ საპენსიო სისტემაზე გადასვლა შედარებით უმტკივნეულოდ მოხდეს.  სავსებით მისაღებია შემოთავაზება სამუშაო სტაჟსა და მუშაობის პერიოდში შექმნილი ღირებულების პროპორციულად საპენსიო შემოსავლების მიღების შესახებ და არა იმგვარად, როგორც დღესაა, როცა ყველა მოქალაქე თითქმის თანაბარ პენსიას იღებს.

რეალიზმი იგრძნობა იმაში, რომ რესპუბლიკელები ამომრჩეველს საპენსიო რეფორმის ხანგრძლივ პერიოდში საწყის ეტაპზე შერეული საპენსიო მოდელის გამოყენებას სთავზობენ, რომლის თანახმადაც სისტემის ნაწილი როგორც სახელმწიფო საპენსიო ფონდი, ასევე კერძო ფონდებიც იქნებიან. ამას თანდათან უნდა მოჰყვეს სახელმწიფო ფონდის ეტაპობრივი გამოსვლა სისტემიდან.

საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებთ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ რეფორმის საწყის ეტაპზე ,,ღირს დამატებითი შიდა ვალის აღება.“ მიგვაჩნია, რომ სავსებით შესაძლებელია რეფორმის იმგვარი მოდელის შემუშავება და სახელმწიფო ხარჯების იმგვარი ოპტიმიზაცია, რომ დამატებითი ვალის აღება შესაძლოა საერთოდ არ გახდეს საჭირო.

სავსებით მისაღებია შემოთავაზება  საშემოსავლო გადასახადის ნაწილის საპენსიო და სადაზღვევო შენატანის ჩანაცვლების მიზნით. ლოგიკას მოკლებული არაა დასაბაგრი ბაზიდან სადაზღვევო შენატანების გამოქვითვაც.