ექსპერტული შეფასება - სოციალური უზრუნველყოფა

სოციალური პოლიტიკის ფარგლებში შემოთავაზებული ღონისძიებები კონცენტრირებულია სოციალური დაცვის სისტემის დახვეწაზე, დაგროვებითი საპენსიო სისტემის ახალი მოდელის დანერგვაზე, დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების ამაღლებაზე, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ნარკომანიისა და სხვა სოციალურად მავნე ჩვევებთან ბრძოლის გეგმებზე.

ამ ღონისძიებებიდან უმნიშვნელოვანესია დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა. სამწუხაროდ, დეტალურად გადმოცემული არ არის ამ მიმართლებით უახლოეს პერიოდში გადასადგმელ ღონისძიებეთა მოკლე ნუსხა და ძირითადი ეტაპები, თუმცა ზოგადად, ეს რეფორმა უთუოდ შეამსუბუქებს ბიუჯეტის ფისკალურ ტვირთს.

სოციალური ბიუჯეტის ზომასთან დაკავშირებით ქართული ოცნება უკვე ნაკისრი ვალდებულებების ერთგული რჩება და აცხადებს, რომ მინიმუმ არ შეამცირებს სოციალური დახმარების წილს მთლიან ბიუჯეტში, თუმცა  ამ მიმართულების ოპტიმიზაციისკენ გარკვეული ნაბიჯების გადადგმასაც აპირებს. თუ ეს ასეა, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი იქნება რეალურად სოციალური ფუნქციის მატარებელი ყურძნის, ციტრუსისა თუ საგაზაფხულო სამუშაოების სუბსიდირების პროგრამების შეწყვეტა. ამ უკანასკნელთა დასაბუთების მცდელობა, თუნდაც სოციალური თვალსაზრისით სულ უფრო უადგილო ხდება, მით უმეტეს გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების საბიუჯეტო პოლიტიკა უკვე გამოკვეთილად სოციალური ორიენტაციისაა. აუცილებელია დოკუმენტში მეტი იყოს საუბარი იმაზე, თუ როგორ აპირებს ქართული ოცნება დაბალანსებული საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებას გაზრდილი სოციალური ვალდებულებების ფონზე. სამწუხაროდ, ეს თემა სათანადოდ არაა გაშლილი.

დასაქმების სტიმულირების მიმართულებით შემოთავაზებული ღონისძიებები, რაც ბაზრის კვლევასა და დასაქმების მსურველთათვის შესაბამისი რჩევების მიცემას ითვალისწინებს, არარეალისტურად მიგვაჩნია. ასეთი ტიპის სერვისები უფრო მოთხოვნაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მიწოდებაზე. გარდა ამისა, დასაქმების პარამეტრების გაუმჯობესება, ჩვენი აზრით, უფრო გრძელვადიან პერიოდშია მოსალოდნელი, მუშახელის ზოგადი კვალიფიკაციისა და უნად-ჩვევების გაუმჯობესების კვალობაზე.