ექსპერტული შეფასება - მაკროეკონომიკური საკითხები

ეკონომიკა

ქართული ოცნება მიიჩნევს, რომ ეკონომიკური განვითარების მიმართულებით მიღწეულია არსებითი შედეგები ეკონომიკური განვითარების ,,გაჯანსაღების რელსებზე“ გადაყვანის თვალსაზრისით, რაც საკუთრების უფლების დაცვით, სახელისუფლებო წნეხის მოხსნითა და მეწარმეობის ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი. თავისუფალი ბაზრისადმი ერთგულება ქართული ოცნების ძირითადი სამოქმედო პრინციპია, თუმცა იგი აქცენტს სიღარიბის შემცირებასა და ზრდის მდგრადობაზეც აკეთებს, რაც  ეგრეთ წოდებული ინკლუზიური ზრდით უნდა იქნას მიღწეული. მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართულებით ქართული ოცნება ფისკალური დისციპლინის, უმუშევრობის შემცირების, საგარეო ვალის გონივრული მართვის, ფასების სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის დამოუკიდებელი ფულადი პოლიტიკის პრინციპების ერთგულია. შეფასების თვალსაზრისით, კორექტულია განცხადება იმის შესახებ, რომ საგარეო ნეგატიურ შოკებს ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ წარმატებულად გაუმკლავდა. არ არის კორექტული აზრი დოლარიზაციის პრობლემის წინა ხელისუფლებიდან მემკვიდრეობით მიღების შესახებ. ეს პრობლემა თავისი არსით გაცილებით უფრო ღრმაა, მხოლოდ ერთი რომელიმე ხელისუფლების თუნდაც მცდარი პოლიტიკა და მის გადაჭრას შესაძლოა რამდენიმე ათწლეული დასჭირდეს.   შემოთავაზებული მაკროეკონომიკური ღონისძიებებიდან ყველა მეტ-ნაკლებად განხორციელებადია, თუმცა საკმაოდ ძნელი იქნება ხარჯების ოპტიმიზაციის მუდმივი უზრუნველყოფა, რასაც ხელს შეუშლის ბიუჯეტის სოციალური ორიენტაცია და შესაძლო საგარეო მაკროეკონომიკური შოკები.

ისევე, როგორც ყველა ძირითადი საარჩევნო სუბიექტი, ქართული ოცნებაც ეკონომიკური პოლიტიკის აქცენტს დასაქმების ხელშეწყობაზე სვამს. კორექტულია  მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქართველოში ფორმალური დასაქმება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ერთგვარად გაიზარდა. მართალია, ეს ოფიციალური სტატისტიკითაც დასტურდება, მაგრამ ჯერჯერობით გაძნელებულია ამ ზრდის მიზეზებსა და გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბარი. ზოგადად, საქართველოში ფორმალური დასაქმება იმდენად დაბალია არაფორმალურთან შედარებით, რომ რამდენიმეათასიანი ცვლილების ტენდენციად გამოცხადება ნაადრევია.

შემოთავაზებული ღონისძიებებიდან პროფესიული გადამზადების რეფორმა სავსებით ლოგიკური და შესაძლებელია, თუკი იგი რეალურ მოთხოვნაზე იქნება დაფუძნებული. შედარებით ნაკლებად სასარგებლოდ მიგვაჩნია შრომის ბაზრის ფუნდამენტური ბაზრის შესწავლა, მისი ,,რეალური საჭიროებების“ დადგენა და უმაღლესი განათლების შესაბამისად მასთან მისადაგება. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ, მოკლევადიან პერიოდში დასაქმების სტიმულირებაში რადიკალური შედეგების დადება ძალიან რთულია და უმჯობესია მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება სასკოლო განათლების ხარისხის ამაღლებით იქნას მიღწეული. მართალია, ამას დიდი დრო სჭირდება, მაგრამ ეკონომიკური ზრდის, განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე,  სტიმულატორი სწორედ კარგი სასკოლო განათლების მქონე მუშახელია. არ მიგვაჩნია სწორად ინდუსტრიული სტრატეგიის ან მსგავსი ინიციატივების შემუშავება ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ზოგადად, დემოკრატიულ ქვეყნებში, და საქართველო სწორედ ამ გზით მიდის, გრძელვადიანი ცენტრალიზებული ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება არ ხდება. გასაგებია, რომ სასურველია უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების მიღწევა, თუმცა ზრდა მდგრადი მაშინაა, როცა იგი ორგანული პროცესია და არა ხელოვნურად სტიმულირებული.

შეიძლება ითქვას, რომ დასაქმების ზრდის შემოთავაზებული სამიზნეები არარეალისტურია. ჯამურად, ქართული ოცნების წინასაარჩევნო დოკუმენტის მიხედვით მომდევნო 4 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახლმწიფო პროგრამებით 200 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნაა ნავარაუდევი. თუ წარსულ გამოცდილებას გავითვალისწინებთ, როცა დასაქმების ზრდა უმნიშვნელო იყო, ასეთი ზრდის მიღწევა შეუძლებლად მიგვაჩნია. ჯერ ერთი, არაფორმალურ სექტორში ჩართულ პირთა ნაწილი შესაძლოა უკვე აღარ იმყოფება ყველაზე პროდუქტიულ ასაკში და საპენსიო ასაკს უახლოვდება. ამ პირებს ასევე შესაძლოა აკლდეთ დასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, რომელთა შეძენას გარკვეული დრო დასჭირდება. ქართული ოცნების გეგმით, მოგების გადასახადის შემცირება დამატებით 50 000 სამუშაო ადგილს გააჩეს. ეს ცხადი სულაც არაა, ვინაიდან მოგების გადასახადის შემცირება უთუოდ გამოიწვევს კაპიტალდაბანდებების ზრდას, არა აუცილებლად სამუშაო ადგილების რიცხვის ზრდას.  გაცხადებულია, რომ დამატებით სამუშაო ადგილებს ინფრასტრუქტურული პროექტებიც შექმნის, მაგრამ სათქმელია, რომ ასეთი ტიპის სამუშაო ადგილები დროებითია.

ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით, ქართული ოცნება სამართლიანად აღნიშნავს რომ მოიხსნა წნეხი ბიზნესზე, რაც ნაწილობრივ აისახა კიდეც გლობალური კონკურენტულობის  რეიტინგში უფრო მაღალი ადგილებზე დამკვიდრებაში. ამას მოსდევს მეწარმეობის მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯების მოკლე მიმოხილვა გრანტებსა და იაფ სესხებზე აქცენტით. სექციის ბოლო ნაწილში ასევე ლაპარაკია მაღალტექნოლოგიური დარგებისა და ინოვაციების სტიმულირებაზე. მართალია სხვადასხვა პროგრამებით გაცემული სესხებისა და გრანტების მოცულობა მართლაც შთამბეჭდავია, მათ წარმატებულობაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია. აქვე უნდა ითქვას, რომ მაღალტექნოლოგიურ ინოვაციებზე აქცენტი, ჩვენი აზრით მთლად სწორი არ არის. თავად ხედვა ინოვაციებისა არაა სწორი, ვინაიდან ინოვაცია ზოგადად მომხმარებლისთვის დამატებული ღირებულების შექმნას და არა მაინცდამაინც მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას გულისხმობს. მაგალითად, დოკუმენტის ავტორების მიერ ხსენებული კოსმოსური ტექნოლოგიები ნამდვილად მიეკუთვნება მაღალ ტექნოლოგიებს, მაგრამ მომხმარებლისა და ზოგადად ეკონომიკისათვის მათი ღირებულება მოკლევადიან პერიოდში ძალიან მცირეა. ასევე გადაჭარბებულად მიგვაჩნია იმედები საქართველოში ამ ეტაპზე მაღალი შედეგების მიღწევისა ისეთ კაპიტალტევად დარგებში, როგორებიც ხელოვნური ინტელექტი და ბიოტექნოლოგიებია.

მივესალმებით საგადასახადო პროცედურების გამარტივებასა და გაუნაწილებელ მოგებაზე გადასახადის გაუქმებას. ამავე დროს, გაუგებარია, თუ რა ეკონომიკური სარგებლის მომტანია სასოფლო-სამეურნეო საქონლის პირველადი მიწოდების დღგ-დან გათავისუფლება ჩათვლის უფლებით. ამას კარგ შემთხვევაში მხოლოდ მარგინალური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს. სავსებით შესაძლებლად მიგვაჩნია საკუთრების უფლების დაცულობის ხარისხის ამაღლება და სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება.

მისასალმებელია შემოთავაზებები ახალი მარეგულირებელი სტრუქტურების შექმნაზე მორატორიუმის გამოცხადების, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციის (თუმცა, აქ საჭიროა ფრთხილი მიდგომები), დავების სისტემის რეფორმირების, ბიზნესის ლიკვიდაციის პროცედურების გამარტივების მიმართულებებით. მიგვაჩნია, რომ ქართული ოცნების მიერ გაცხადებული ვალდებულება ბიზნესის დაფინანსებიდან თანდათანობითი გამოსვლისა, ბევრად უფრო მკაფიოდ უნდა დაფიქსირდეს, იმისათვის რათა სახელმწიფოს არ ჰქონდეს ასეთი პროგრამების განუსაზღვრელი ვადით გაგრძელების ცდუნება.

მეტისმეტად ოპტიმისტურადაა წარმოდგენილი გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმების შესაძლო შედეგები. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ნოვაციის ძალაში შესვლის შემდეგ, 2017 წელს დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა, მაგრამ დასადგენია გაგრძელდება თუ არა ეს ეფექტი მომავალში. ასევე მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიას ვერ იძლევა.

გამართლებულია საპენსიო სფეროს რეფორმა, რომელიც ბიუჯეტს დიდ ფისკალურ წნეხს მოაცილებს, თუმცაღა ამ რეფორმის მასშტაბი შეიძლება იმან შეზღუდოს, რომ დასაქმებულთა შორის კვლავაც დაბალი რჩება ფორმალურად დასაქმებულთა წილი, რომელთაგან თითქმის ნახევარი სახელმწიფო სექტორში მუშაობს.

დამაკმაყოფილებლად ვერ მივიჩნევთ მიწის რეფორმის მიმდინარეობას. ნაკვეთების რეგისტრაციის არსებული წესი, ჩვენი შეფასებით კიდევ უფრო ამწვავებს არსებულ პრობლემებს. მიწაზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული სირთულეების საბოლოოდ გადასაწყვეტად საჭიროა სოლიდური გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც საჯაროდ უნდა იქნას განხილული და მის განხორციელებამდე ჩატარდეს შესაბამის ახსნა-განმარტებითი სამუშაოები მას მედიისა და ფართო საზოგადოების ჩართულობით.

მისასალმებელია მსხვილი ინფრასტრუქტურული პროგრამები, რომლებიც უთუოდ დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას. ეს ეხება როგორც გზების მშენებლობას, ასევე წყალმომარაგებისა და გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ცალსახად დადებითი შედეგის მომტანია ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაგრძელება.  ეს პოლიტიკა სავსებით განხორციელებადია უახლოეს მომავალში, თუმცა  ნაკისრი ვალდებულეის დათქმულ ვადებსა და ბიუჯეტში, ასევე დათქმულ ვადებში შესრულება სამოქალაქო საზოგადოების დაკვირვებისა და მონიტორინგის ობიექტად უნდა იქცეს.