ექსპერტული შეფასება - განათლება

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის განათლების სექციაში დიდი ადგილი ეთმობა ამ პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან გატარებულ ღონისძიებებს, რომელთა ჩამონათვალი ძალიან ვრცელია და დასაბუთებულია სტატისტიკური ინფორმაციით, რომელიც ეხება საბიუჯეტო ასიგნებების ზრდას, ინფრასტრუქტურულ, მეთოდოლოგიურ პროექტებსა და სხვა. ინფორმაცია გაშლილია სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული უმაღლესი განათლებითა და მეცნიერებით დამთავრებული. არსებითია, რომ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გადამზადებასა და პროფესიულ განათლებას. ფაქტობრივად, მოცულია განათლებისა და მეცნიერების ყველა სფერო. განათლების სექციის ეს ნაწილი გადმოცემულია ერთგვარი ანგარიშის სახით. იგი, ჩვენი აზრით,  გადატვირთულია ფაქტობრივი მასალითა და რიცხვებით. შეფასებითი მსჯელობიდან გამოსაყოფია მოსაზრება იმის შესახებ, რომ განათლების სისტემა აღარ არის პოლიტიზებული და გათავისუფლდა წნეხისგან. ფაქტობრივი თვალსაზრისით, ეს ნაწილი მეტ-ნაკლებად კორექტულია, თუმცაღა მიმდინარე საქმიანობა და დახარჯული რესურსები წარმოდგენილია ისე, როგორც უკვე შედეგი და წარმატება, რაც ჩვენი აზრით, არაა სწორი. სასურველია აქვე იყოს გადმოცემული განათლების სისტემის  საერთო ხედვა და მსჯელობა იმის შესახებ, თუ გასული ოთხი წელი როგორ ემსახურებოდა დასახულ ამოცანებამდე სვლის მიზანს.

აღნიშნულია, რომ WEBOMETRIC-ის რეიტიგნებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2006 ადგილიდან 734-ე ადგილზე გადავიდა 2016 წლის დასაწყისში. ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ კვლევის მიხედვით მხოლოდ 1135-ე ადგილზეა. საერთოდ, ამგვარი ტიპის რეიტინგების გამოყენება საკმაოდ სუბიექტურია, ვინაიდან იმავე რეიტინგის მიხედვით, მსოფლიო უნივერსიტეტების პირველ 2000-ში მხოლოდ ორი ქართული უნივერსიტეტი შედის, ხუთი -  5000-ში, 10000-ში - მხოლოდ 8, ხოლო დანარჩენების რეიტინგი კიდევ უფრო დაბალია. ამგვარად, ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეიტინგი ერთგვარად გაუმჯობესდა, ვერც ქართული ოცნებისა და ვერც განათლების სისტემის წარმატებად ვერ ჩაითვლება. ეს წარმატება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი,  როცა  თანმიმდევრულად გაიზრდება საქართველოს შედეგები როგორც ზოგადი განათლების, ასევე უმაღლესი განათლების მიმართულებით.

ზედმეტია საუბარი იმაზე, რომ საქართველოში განათლების რეფორმის წარმატებით განსახორციელებლად ძალიან სერიოზული და ხანგრძლივი პოლიტიკისა გატარებაა საჭირო, რასაც შესაძლოა ათწლეულებიც კი დასჭირდეს. ამგვარად,  ერთ რომელიმე ხელისუფლებას ვერც მოეთხოვება ამ ურთულესი სექტორის დროის მოკლე მონაკვეთში მოწესრიგება, მაგრამ მიღწეულ შედეგებზე საუბრისას აუცილებელია რეალობის გრძნობის შენარჩუნება და არა შერჩეულ რეიტიგნებზე აპელირება. ისიც სათქმელია, რომ სხვა ავტორიტეტული სარეიტინგო სისტემების, PISA-ს მიხედვით, საქართველოს განათლების სისტემაში, მეტადრე კი სასკოლო განათლების სისტემაში მდგომარეობა სასურველზე ბევრად უარესია. ჩვენი აზრით, ვერც ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წამოწყება ჩაითვლება დიდ წარმატებად ამ პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად. ზოგადად, უახლოეს მომავალში ქვეყნის ამჟამინდელი განვითარების დონიდან გამომდინარე და დაწყებითი, სასკოლო, და უმაღლესი განათლების მდგომარეობის ფონზე, ასეთ წამოწყებებს დიდი პერსპექტივა ვერ ექნებათ.

რაც შეეხება განათლების სისტემაში ქართული ოცნების სტრატეგიულ ხედვას ვისურვებდით, რომ იგი მეტი თანმიმდევრულობით ყოფილიყო წარმოდგენილი. ჩვენი აზრით, მკაფიოდ გაცხადებული უნდა იყოს ის, თუ როგორი ტიპის განათლების სისტემა უნდა ჰქონდეს საქართველოს და როგორ შეიძლება მისი მიღება. მართალია ჩამონათვალში გაწერილია ყველა რგოლი განათლების სისტემის რეფორმისა, მაგრამ მისი ქვაკუთხედი მაინც სკოლა და დაწყებითი განათლებააა, რაც შესაბამისად არ იკვეთება. მართალია, ლაპარაკია იმაზე, რომ არსებითად გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი 2017 წლიდან, რაც სასურველი, თუმცა ძნელად შესასრულებელია.  აგრეთვე საუბარი უნდა იყოს იმაზე, თუ რა გზებით უნდა ამაღლდეს სასკოლო განათლების ხარისხი, არადა მხოლოდ მასაწავლებლების ხელფასების ზრდა ამ მიმართულებით საკმარისი არაა.

ჩვენი აზრით, გაუმართლებელია სახელმწიფო რესურსებით უცხოეთში უმაღლეს სასაწავლებლებში საქართველოს მოქალაქეთა მივლინება. 2000-იანი წლების დასაწყისამდე საქართველოში აქტიურად მოქმედმა Muskie-ს პროგრამამ უკვე თითქმის შეწყვიტა  სტუდენტების დაფინანსება, ვინაიდან უკვე გაჩნდა დაფინანსების მოპოვების მრავალი ალტერნატიული წყარო და ნიჭიერ სტუდენტებს უკვე თავად შესწევთ ძალა მოიპოვონ მაღალი დონის უნივერსიტეტებში სწავლის საშუალება.

უმაღლეს სასწავლებლებთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, საჭიროა სტანდარტების გამკაცრება. საქართველოში ბევრია საუბარი იმაზე, რომ დასაქმების ზრდა შეფერხებულია კვალიფიციური მუშახელის დეფიციტის გამო, რისი ერთ-ერთი მიზეზიც, ჩვენი აზრით უმაღლესი განათლების უკიდურესად დაბალი დონეა. საქართველოს უნივერსიტეტები, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, იმდენად დაბალი რეიტინგით სარგებლობენ, რომ მათ არ შეუძლიათ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადება. ასევე, მათ არ აქვთ ამისთვის აუცილებელი სამეცნიერო და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ასევე მიგვაჩნია, რომ უადგილოა ფიქრი საქართველოს რეგიონულ სამეცნიერო ცენტრად ქცევაზე. ასეთი ამოცანა ქვეყნის, და მით უმეტეს რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებს არ დაუყენებიათ. ქართული მეცნიერების, განსაკურებით კი ტექნიკური მიმართულებებით, სავალალო მდგომარეობა ასეთი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას ნამდვილად არ იძლევა. აქ უპრიანია გავიხსენოთ სამხრეთ კორეის მაგალითი, რომელსაც განვითარების თავდაპირველ ეტაპზე არ გააჩნდა მაღალი დონის სამეცნიეროი კადრები და მხოლოდ დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის ოთხი ათწლეულის შემდეგ შეძლო თანამედროვე ხარისხის მეცნიერების განვითარება. ამის გათვალსწინებით, საქრთველოს მთავრობის პრიორიტეტები უნდა იყოს წინასასკოლო და სასკოლო განათლებაში ინვესტირება, რაც ხარჯების ერთეულზე ყველაზე მეტი უკუგების მომტანია. ამასთანავე, მიგვაჩნია, რომ  უნივერსალური წინასასკოლო და სასკოლო განათლების უზრუნველყოფა ეკონომიკურად გამართლებულია.