ექსპერტული შეფასება - ჯანდაცვა

ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექცია იხსნება ჯანდაცვის სექტორში ბოლო დროს განხორციელებული ღონისძიებების მოკლე მიმოხილვით. ნახსენებია, რომ ჯანდაცვაზე გაწეული საბიუჯეტო ხარჯები დაახლოებით 2.5-ჯერ გაიზარდა, რამაც თავის მხრივ, გაზარდა მიმართვების რიცხვი, ხოლო ყველაფერი ეს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში აისახა.

იმთავითვე უნდა ითქვას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლით მოხდა ჯანდაცვის პოლიტიკის პარადიგმის რადიკალური ცვლილება და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოღება, რაც ძალიან სერიოზული ნაბიჯია, რომლის შედეგების შეფასება საჭიროა ყოველგვარი მიკერძოებისა და იდეოლოგიური სტერეოტიპების გამორიცხვით. საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე გადასვლით მიღებული შედეგების გადმოცემისას, ქართული ოცნება ცდილობს არგუმენტაცია გაამყაროს ოფიციალური სტატისტიკით, მათ შორის უცხოური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციით. მიგვაჩნია, რომ ოთხი წელი ძალზე მცირე დროა მიღებული შედეგების ობიექტური მიზეზების გამოსავლენად ან პოლიტიკის წარმატებულად ჩასათვლელად, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ ბოლო წლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება დაიწყო ქრონიკული დაავადებებისა მკურნალობისა და პრევენციის მიმართულებით, რამაც მართლაც გახადა შესაძლებელი მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. ეს უთუოდ აღსანიშნავი ფაქტია.

ჯანდაცვის მიმართულებით, ქართულ ოცნებას განზრახული აქვს შეინარჩუნოს და გააფართოვოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის არეალი. დოკუმენტში იკვეთება, რომ ავტორებს მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული აქვთ ის, რომ ასეთი ტიპის სისტემის შენახვა დიდ ხარჯებს უკავშირდება და დროთა განმავლობაში მოსახლეობის თანდათანობითი დაბერების ფონზე, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდის ტემპები სასურველზე დაბალი აღმოჩნდება, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემამ შესაძლოა ძალზე სერიოზული პრობლემები შეუქმნას სახელმწიფო ბიუჯეტს. სამწუხაროდ, დოკუმენტში ცოტაა ლაპარაკი იმაზე, თუ კონკრეტულად რა გზებით გახდება შესაძლებელი ასეთი პრობლემის თავიდან აცილება.

ჯანდაცვის მიმართულებით შემოთავაზებული ღონისძიებებიდან შესრულებადი და ლოგიკური იქნება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის განხორციელება, ელექტრონული ჩანაწერების სისტემის შემოღება და განათლების სისტემის რეფორმირება, თუმცაღა სასურველია უფრო მეტი იყოს გადმოცემული ამ უკანასკნელთან დაკავშირებით.

სკეპტიკურად ვუყურებთ ინიციატივას სტრატეგიული მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ კონსოლიდირებულად შესყიდვისა და შემდეგ ბაზარზე სრულფასოვანი კონკურენციის დაცვის უზრუნველყოფის გზით მისი კერძო სექტორის მეშვეობით რეალიზაციის შესახებ. მიგვაჩნია, რომ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ასამაღლებლად ბაზრის გახსნისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა უფრო უპრიანი იქნება.

სამწუხაროა, რომ არსადაა ლაპარაკი  ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდასა და დაავადებების პრევენციის ღონისძიებებზე. მიგვაჩნია, რომ სიცოცხლისათვის მავნებელი ნივთერებების, მათ შორის სიგარეტის მოხმარება გაცილებით უფრო მკაცრად უნდა იზღუდებოდეს, მაგალითად უფრო მაღალი აქციზით, თუნდაც ეს მოკლევადიან პერიოდში ფისკალური შემოსავლების ერთგვარ დანაკარგს უკავშირდებოდეს.