ექსპერტული შეფასება - განათლება

ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში განათლების საკითხებს საკმაოდ შეზღუდული სივრცე ეთმობა. ძირითადი პოსტულატები დაახლოებით ერთ გვერდზეა ჩამოყალიბებული. შეინიშნება გარკვეული თანმიმდევრობა წარმოდგენილი საკითხების რიგითობის თვალსაზრისით. კერძოდ, წარმოდგენილია შემოთავაზებული ღონისძიებები წინასასკოლო, სასკოლო და უმაღლესი განათლების კომპონენტებისათვის.

პირველ რიგში არ არის დასმული საკითხი იმის შესახებ, თუ რაში გვჭირდება განათლების რეფორმირება, რა დონის სასურველ სპეციალისტსა და მოქალაქეს უნდა აყალიბებდეს საქართველოს განათლების სისტემა და რას ვერ ახერხებს იგი დღეს და რატომ?

საუბარია სკოლამდელი ასაკის ბავშთა დაწესებულებებში სამსახურში მიღების პროცესის დეპოლიტიზაციაზე. ეს სამწუხარო რეალობა უკვე ღიმილის მომგვრელია და მიუთითებს იმას, რომ დამოუკიდებლობის შემდგომ პერიოდში მოსულმა ყველა ხელისუფლებამ თავისი ,,წვლილი შეიტანა“ განათლების სისტემის  თანდათანობით დეგრადაციაში. ცხადია, სკოლამდელი სასწავლო დაწესებულებების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა საშური საქმეა, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის პროგრამაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ როგორ უნდა მოამზადონ ბაღებმა ბავშვები სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, რა თანხები უნდა იხარჯებოდეს ბაღებზე და რა მექანიზმებით იმართებოდეს ისინი, როგორ უნდა გაიზარდოს როგორც მოსწავლეთა, ასევე მასწავლებელთა მოტივაცია, ამ უკანასკნელოთა მომზადებისა და მატერიალური მოტივაციის ჩათვლით და სხვა.

სკოლებზე საუბრისას ნახსენებია ვაუჩერის გაზრდა, მასწავლებელთა ხელფასის მატება მინიმუმ 650 ლარამდე და ასევე მასწავლებელთა კვალიფიკაციის შეფასების სუბიექტურიდან ობიექტურ სისტემაზე გადასვლა. ასევე ლაპარაკია სახელმძღვანელოების ბაზრის დერეგულაციაზე, როგორც მათი ხარისხის ამაღლების საწინდარზე, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართულის სწავლის გაძლიერებასა და ინგლისურენოვანი მასწავლებლების მიერ ინგლისურის სწავლების პროგრამის აღდგენაზე.

მიგვაჩნია, რომ სკოლის რეფორმირების შემოთავაზებული ხედვაში არ ჩანს ის, რომ აუცილებელია სკოლის ფუნქციის იმგვარად გაზრდა, რომ იგი უკვე მომზადებულ ახალგაზრდას უშვებდეს სწავლის გასაგრძელებლად, მით უფრო არსებობდეს მკაფიო კავშირი სასკოლო და უმაღლეს განათლებას შორის. ეკონომიკურ ლიტერატურაში კარგადაა ნაჩვენები, რომ სასკოლო განათლებაში ჩადებული ინვესტიციის ერთეული გაცილებით მეტ უკუგებას იძლევა, ვიდრე უმაღლეს განათლებაში დაბანდებული ფული. ამგვარად, სკოლის საკითხებზე მსჯელობისას სრულიად აუცილებელია ჩამოყალიბებული გააზრებული, ჰოლისტური ხედვის ქონა და ფრაგმენტული ღონისძიებების შემოთავაზება საქმეს მხოლოდ ვნებს. გარდა ამისა, წარმოდგენილი წინადადებების ნაწილი პერიფერიული მნიშვნელობისაა, მაგალითად ინგლისურენოვანი მასწავლებლების მიერ სწავლების პროგრამა. ჯერჯერობით არავინ იცის გაამართლა თუ არა მან.  ამავე სექციაში განმარტებული არაა, თუ რა არის მასწავლებლების შეფასების ობიექტური კრიტერიუმები. საბოლოოდ, მასწავლებლების ხარისხი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით უნდა შეფასდეს და ამ უკანსკნელის ამაღლება მხოლოდ ხანგრძლივვადიანი პროგრამის წარმატებით განხორციელებითაა შესაძლებელი, დოკუმენტში კი არსადაა თქმული თუ რა დრო და რესურსები სჭირდება სასკოლო განათლების სასურველ დონეზე მიყვანას. ასევე სადავოა შედმოთავაზება წიგნების ბაზრის დერეგულაციის შესახებ, მით უმეტეს, რომ გაუგებარია რა იგულისხმება ამაში.

ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის მომხრეობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკური ძალისგან ძალიან უცნაურად ჟღერს საზღვარგარეთ სასწავლად გაგრძელების მსურველთა სახელმწიფოს ხარჯზე დაფინანსებისა და რაოდენობის გაზრდის შემოთავაზება. გარდა ამისა, ეს ეკონომიკური ეფექტიანობის თვალსაზრისითაც საკმაოდ საეჭვო ღირებულების შემოთავაზებაა. ასევე ლაპარაკია რეგულაციების შემცირებაზე, რომლებიც ზღუდავენ უმაღლესი განათლების განვითარებას. გაუგებარია, კერძოდ რაზეა საუბარი.

მთლიანობაში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განათლების სისტემის ხედვის შეფასება ობიექტური კრიტერიუმებით გაძნელებულია.