ექსპერტული შეფასება - ჯანდაცვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექციის შესავალში გამოთქმულია აზრი, რომ სახელმწიფო შეძლებისდაგვარად ყველა სოციალურ ფენას უნდა უწევდეს დახმარებას, თუმცაღა აუცილებელია ამ დახმარების გრადაცია და ღარიბი და მაღალშემოსავლიანი ოჯახები დახმარებას ერთი და იგივე რაოდენობით არ უნდა იღებდნენ. აქვე გამოყენებულია შემდეგი ფრაზა: ,,ჯანდაცვის საყოველთაო ხელმისაწვდომობის შენარჩუნებისა და მისი ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად.“ ეს ფრაზა და შემდგომში გადმოცემული პოსტულატები არაპირდაპირ, თუმცა აშკარად მიუთითებს იმას, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის პროპონენტია, რაც საკმაოდ სერიოზულ დისონანსში მოდის ამ პოლიტიკური ორგანიზაციის პრინციპებთან მაკროეკონომიკური და დასაქმების პოლიტიკის პოსტულირებისას. ამასთან, ჯანდაცვის სექცია საკმაოდ მწირი და ბუნდოვანია და მასში ძირითადად ლოზუნგებია ჩამოთვლილი.

გამოთქმულია აზრი, რომ მოსახლეობის მდიდარი ფენები საყოველთაო ჯანდაცვით მხოლოდ მაშინ უნდა სარგებლობდნენ,  როცა მკურნალობის ხარჯები მათთვისაც კი დაუძლეველია. ეს შესაძლოა განიმარტოს, როგორც რაციონალური შემოთავაზება, თუმცა დასაკონკრეტებელია, თუ რა დაავადებებზეა საუბარი. დღეს არსებული უნიფიცირებული კაცზე 178 ლარის ნაცვლად შემოთავაზებული დაზღვევის პაკეტების სიდიდის  გრადაცია მოსახლეობის შემოსავლების მიხედვით, არა არის საკმარისი იმაში დასარწმუნებლად, რომ სისტემის ასეთი გზით ცვლილება დღეს არსებულზე უფრო ეფექტიანი იქნება ან უფრო ძვირი არ დაუჯდება სახელმწიფოს.

ზოგადად, ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექცია გამოკვეთილად მოსახლეობის ღარიბი ფენების მხარდამჭერი დოკუმენტია. ნახსენებია პენსიების ერთჯერადი და შემდგომ თანდათანობითი ზრდა ეკონომიკის ზრდის ტემპების შესაბამისად. ამასთან დაკავშირებით საკითხავია შემდეგი: ხომ არ ჯობდა ნაციონალურ მოძრაობას საშემოსავლო გადასახადის უნიფიცირებული შემცირების ნაცვლად პროგრესიული გადასახადის დაწესება განეხილა, მით უფრო, როცა ამ პარტიის მიერ შემოთავაზებული სოციალური დაცვის პოლიტიკა დღევანდელი საბიუჯეტო ხარჯებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდის? უცნაურია, მაგრამ საერთოდ არაა საუბარი საპენსიო სისტემის რეფორმაზე, რაც შესაძლოა მოარიდებდა საბიუჯეტო ტვირთს სახელმწიფოს და სისტემას უფრო მეტ მდგრადობას შესძენდა. ზოგადად, შემოთავაზებული  ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების ზრდა რეალისტურად არ გამოიყურება, ვინაიდან დოკუმენტის ავტორები მაკროეკონომიკისა და დასაქმების სექციაში გადასახადების განაკვეთების სერიოზულ შემცირებას, სახელმწიფო ხარჯების შეკვეცასა და საბიუჯეტო ხარჯების მშპ-სთან ფარდობის ზედა ზღვრის შემოღებას აპირებენ. საკითხის რაციონალურად გააზრება ააშკარავებს იმას, რომ ამ ჩამოთვლილი ამოცანებიდან უმეტესობის შესრულება უბრალოდ პრინციპულად შეუძლებელია, ვინაიდან შეზღუდული რესურსების პირობებში ცალკეული მათგანის განხორციელება ავტომატურად გამოიწვევს რომელიმე სხვა დაპირებაზე უარის თქმას. ამაში დარწმუნება დღეს არსებული საბიუჯეტო ხარჯებისა და შემოსავლების ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული რეფორმებით შეცვლილი ხარჯების, შემოსავლებისა და ეკონომიკური ზრდის სავარაუდო პარამეტრების მარტივი სიმულირებით შეიძლება.

საბოლოო ჯამში, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს ნაწილში გაცხადებული ახალი არაფერია და დოკუმენტის ეს ნაწილი საკმაოდ სუსტია ლოგიკურობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით. არ იგრძნობა კავშირი პროგრამის ცენტრალურ ნაწილთან, რომელშიც მაკროეკონომიკა და დასაქმებაა განხილული.