ექსპერტული შეფასება - დასაქმება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო პროგრამაში უდიდესი ნაწილი დასაქმებისა და მაკროეკონომიკის საკითხებს ეთმობა. ამ შემთხვევაში, დასაქმება და მაკროეკონომიკის ქვეშ მოიაზრება იმ ღონისძიების ერთობლიობა, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს სთავაზობს და არა თავისთავად მაკროეკონომიკური საკითხები, რომელიც ზოგადად ბევრად უფრო ვრცელია.

აღსანიშნავია, რომ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო პროგრამის ამ ნაწილში ბევრია მსჯელობა გადასახადების შემცირებაზე, ხოლო სამთავრობო ხარჯების შეკვეცა და დასაქმების სტიმულირება მის მხოლოდ მცირე ნაწილს შეადგენს. პროგრამაში არ არის ნახსენები  ფულადი პოლიტიკა და ინფლაციის საკითხი, ასევე ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა, საგარეო ვალის მართვის, ექსპორტის წახალისებისა თუ სხვა საკითხები. პროგრამის ამ ნაწილს, ლაიტმოტივად გასდევს გადასახადების შემცირების, ბიუროკრატიული ხარჯების შეკვეცის, რეგულაციების შემსუბუქებისა და ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობის უზრუნველყოფა. წარმოდგენილია საშემოსავლო გადასახადის დღეს არსებული 20%-დან 4 საანგარიშო წელიწადში 10%-მდე შემცირების ინიციატივა, ასევე გაუნაწილებელი მოგების 15%-დან 10%-მდე შემცირების წინადადება 2019 წლამდე, აქციზის გადასახადების შემცირების, მიკრობიზნესისა და ქონების გადასახადების  შეღავათების გაფართოების, ასევე საფოსტო გზავნილებით შემოსული საქონლისა დღგ-ით დასაბეგრი ღირებულების 300 ლარიდან 1500 ლარამდე აწევა და სხვა.

საინტერესოა, რომ ნაციონალური მოძრაობა ახალი 45 000 და შემდგომში წლიურად დამატებითი 30 000 სამუშაო ადგილის შექმნას პირდაპირ უკავშირებს ყველა შემოთავაზებულ საგადასახადო ცვლილებას. გარკვეული პირობების დაცვით საშემოსავლო გადასახადისა და მოგების გადასახადის შემცირება შესაძლოა მართლაც გახდეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი, მაგრამ გაუგებარია, რა კავშირი აქვს ონლაინ შესყიდვების დაუბეგრავი მინიმალური ღირებულების ანაც ალკოჰოლზე აქციზის შემცირებას დასაქმების ზრდასთან.

ასევე, ნაკლებად არის აღწერილი თუ რატომაა მოსალოდნელი 45 000 ათასი სამუშაო ადგილის შექმნა და არა 50 000? თავისთავად გადასახადების შემცირება ეკონომიკური აღმავლობისკენ და მათ შორის დასაქმების ზრდისკენ უნდა იყოს მიმართული, მაგრამ დოკუმენტში არ არის გაწერილი თუ კონკრეტულად როგორ, რა მექანიზმებით წაადგება ეს საგადასახადო ინიციატივები დასაქმებას.

გამოცდილება აჩვენებს, რომ ამა თუ იმ რეგულაციის,  ასევე საგადასახადო შეღავათების ძალაში შესვლიდან ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებაზე მათ პოზიტიურ ზემოქმედებას გარკვეული დრო სჭირდება. ნაციონალური მოძრაობის დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საგადასახადო ინიციატივების შედეგად უკვე 2017 წელს, ესე იგი საგადასახადო შეღავათების პარლამენტის მიერ მიღებისთანავე უნდა ველოდოთ სასურველ ეფექტრს.

გადასახადების შემცირებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს 2017 წელს ბიუროკრატიაზე გამოყოფილი ხარჯების მილიარდი ლარით შემცირებასა და ბიუროკრატიულ ,,ფუფუნებაზე“ უარის თქმას სთავაზობს. ასევე შემოთავაზებულია სახელმწიფო ხარჯების მშპ-სთან ფარდობის ,,ზედა ზღვრის“ 2019 წელს მშპ-ს 25%, ხოლო 2020 წელს მშპ-ს 20%-ის სიდიდით განსაზღვრა.

სახელმწიფო ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილის გადახედვა ცხადყოფს, რომ შემოთავაზებული საგადასახადო რეფორმები გამოიწვევს სახელმწიფო ხარჯების შემცირებას, სავარაუდოდ, დეფიციტსაც, რაც ცხადია, აისახება ერთობლივ მოთხოვნაზე და ზოგადად ეკონომიკაზე.   გლობალურ რეცესიულ კონიუნქტურაში, მსგავსი ტიპის რეფორმა, შესაძლოა საკმაოდ სარისკო იყოს, რადგან სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას შესაძლოა არ დაემთხვეს ეკონომიკური ტემპებისა და დასაქმების ნავარაუდევი ზრდა.

ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ყოფნის დიდ გამოცდილებას ფლობს და მისთვის ცნობილია, რომ თავის დროზე მისივე ჩატარებულ საგადასახადო და მარეგულირებელი რეფორმების მასშტაბი ამჟამად შემოთავაზებულზე ბევრად დიდი იყო, თუმცა სტაბილური ეკონომიკური ზრდის მიღწევა მაშინაც რთული აღმოჩნდა, ხოლო დასაქმების სასურველი ზრდის ამოცანა სულაც გადაუჭრელი დარჩა. სხვათა შორის, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2009 წლიდან მუდმივად, თუმცა სასურველზე ნელა იზრდება დასაქმებულთა, მათ შორის დაქირავებით დასაქმებულთა რიცხვი, ხოლო სახელმწიფო სექტორში დასაქმებულრთა რიცხვი მხოლოდ დაახლოებით 2 ათასი ადამიანით აჭარბებს 2012 წელს დასაქმებულთა რიცხვს. თუ ლაპარაკია სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებულთა შემცირებაზე, ეს მკაფიოდ უნდა ითქვას, თუ ხარჯების შემცირებაზე, უნდა განიმარტოს რომელ ხარჯებზეა საუბარი. ჩვენი აზრით, სახელმწიფოს ხარჯების ოპტიმიზაცია და მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლება გადაუდებელი ამოცანებია, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს ამ მიმართულებით ვერ სთავაზობს მოქმედების მკაფიო და დასაბუთებულ გეგმას.

ქვემოთ კრიტიკულადაა გააზრებული ნაციონალური მოძრაობის საბიუჯეტო ინიციატივების ყველაზე ამბიციური ნაწილები (საშემოსავლო გადასახადის შემცირება, მოგების გადასახადის შემცირება, საბიუჯეტო ხარჯების შემცირება და დასაქმების ზრდა). საშემოსავლო გადასახის განაკვეთების შემცირების გრაფიკის სავარაუდო შედეგები გათვლილი გვაქვს 2017-2019 წლებში ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ფონზე, რაც ერთგვარად ჩამორჩება საერთაშორისო სავალურო ფონდის პროგნოზს. ასევე გამოყენებული გვაქვს ოფიციალური სტატისტიკა საქსტატის ინტერნეტ გვერდიდან და ბიუჯეტის საპროგნოზი მაჩვენებლები ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტიდან, რომელიც საქართველოს ფინანსთან სამინისტროს ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. სიმარტივისათვის არ გამოგვიყენებია ანალიზის რთული ტექნიკა და მარტივი გათვლებით შემოვიფარგლეთ. თუ მივიჩნევთ, რომ ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა საშემოსავლო გადასახადის შემცირებასთან დაკავშირებით ძალაში შევა, პროპორციულად ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ფონზე 2017 წელს ბიუჯეტს ამ გადასახადის სახით დაახლოებით 443 მილიონი ლარი დააკლდება, 2018 წელს - დაახლოებით 782 მილიონი, ხოლო 2019 წელს - დაახლოებით 990 მილიონი ლარი. მოგების გადასახადის შემოთავაზებული გრაფიკითა და განაკვეთთ შემცირების შემთხვევაში, ბიუჯეტის შესაბამის მუხლს 2018 წელს 163 მილიონი ლარი, ხოლო 2019 წელს - 326 მილიონი ლარი დააკლდება. შესაბამისი მაკომპენსირებელი შემოსავლების გარეშე მხოლოდ ამ საგადასახადო ცვლილებებით, ბიუჯეტის დანაკარგი 2017 წელს 443 მილიონ ლარიდან  2019 წელს 1.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება. თუ ნაციონალური მოძრაობა უკვე 2017 წელს დაახლოებით 45 000 სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს, მაშინ გამოდის, რომ თითოეული ამ სამუშაო ადგილიდან მიღებულმა საშემოსავლო გადასახადმა მინიმუმ წლიურად 10 000 ლარი უნდა შეადგინოს და ეს მაშინ, როცა ოფიციალური სტატისტიკის მიხედვთ, წლიური დაუბეგრავი ხელფასი კერძო სექტორში თითო დასაქმებულზე 2014 წელს  10 000 ლარს ოდნავ აღემატებოდა. გამოდის, რომ მხოლოდ საშემოსავლო დეფიციტის დასაფარად,  საგადასახადო განაკვეთის შემცირების ეკონომიკური სტიმული იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ თითო დასაქმებული დღევანდელ საშუალო დონეზე ხუთჯერ მეტ ხელფასს უნდა იღებდეს. ამგვარად, 45 000 სამუშაო ადგილის ერთ წელიწადში, ხოლო მომდევნო წლებში 30 000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა (ამ შემთხვევაში მითითებული უკვე აღარაა ზუსტად რამდენი წლის განმავლობაში) გლობალური სუსტი კონიუნქტურის, მიმდინარე რეცესიისა და გეოპოლიტიკური თუ სხვა ობიექტური სიძნელეების გამო, არარეალისტურად მიგვაჩნია.

რაც შეეხება მოგების გადასახადის შემცირებას, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით დღევანდელი ხელისუფლება უკვე გეგმავს მოგების გადასახადის მთლიანად გაუქმებას და შემოსავლების კომპენსირებას იმ  პირობით, რომ შეღავათი მხოლოდ იმ ბიზნესებზე გავრცელდება, რომლებიც გაუნაწილებელ მოგებას ბიზნესში უკანვე დააბრუნებენ. ეს საკმაოდ გონივრული შემოთავაზებაა დამატებული ღირებულების გადასახადის 2%-ით ზრდასთან ერთად, რაც ბიუჯეტში დეფიციტს არ შექმნის. ასეთ შემთხვევაში მოგების გადასახადის შემცირების ეფექტი, შესაბამისი წერილობითი დასკვნის გაცნობის შემდეგ (მასალის მიკვლევა შესაძლებელია ფინანსთა სამინისტროში), საკმაოდ მარგინალურია. ეს ეფექტი მარგინალური იქნება ნაციონალური მოძრაობის შემოთავაზების ძალაში შესვლის შემთხვევაში.

რაც შეეხება გეგმას, ბიუჯეტის ხარჯების 1 მილიარდი ლარით შემცირების შესახებ. ცხადია, ამ შემცირებას, პრინციპში შეუძლია საგადასახადო დანაკლისის კომპენსირება. თუმცა, თუ გადავხედავთ დღეს არსებული ბიუჯეტის ხარჯვით მუხლებს, ასეთი შემცირების განხორციელება ფიზიკურად შეუძლებელია. მნიშვნელოვანია, დაკონკრეტდეს, თუ რა კვალიფიცირდება ასეთი უზარმაზარი ხარჯების ქვეშ. თუ ამაში შრომის ანაზღაურების კონტროლი იგულისხმება, მაშინ ეს ვერ შესრულდება სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა მასობრივი დათხოვნის გარეშე. ხარჯების სხვა ელემენტები ინფრასტრუქტურასა და სოციალურ დაცვაზე, ასევე გამოთანაბრებით ტრანსფერებზეა ორიენტირებული და საინტერესოა, კერძოდ რა მუხლების შეკვეცას ფიქრობს ნაციონალური მოძრაობა? საბოლოო ჯამში, უნდა ითქვას, რომ 1 მილიარდი ლარით შემცირება საბიუჯეტო ხარჯების ერთი მერვედით შეკვეცას ნიშნავს, რაც ძალიან სერიოზული ფისკალური ღონისძიებაა, მოითხოვს ფრთხილ მიდგომას, მომზადებასა და შეთანხმებას დაინტერესებულ მხარეებთან.

რამდენადმე საინტერესოა ნაციონალური მოძრაობის ინიციატივები ბიზნესის წახალისების მიმართულებით, თუმცა აქაც არის  წინააღმდეგობა  და გაურკევლობა. ასე მაგალითად, მეტად სადავოა საუბარი გადასახადის გარკვეული მოცულობის თავიდან არიდების დეკრიმინალიზაციაზე. ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ გადასახადის შემცირება კანომდებლობის დაცვით არ ჩაითვლება გადასახადისგან თავის არიდებად. ეს ისედაც ასეა, რადგანაც გადასახადების შემცირებად განიმარტება კანონით დაშვებული ოპერაციები, რაც ბიზნესს სახელმწიფოსთან არსებულ ვალდებულებებს უმცირებს. საყურადღებოა საგადასახადო ამნისტიის თემა, რომელიც საქართველოს პოლიტიკური ძალების უმეტესი ნაწილის მუდმივი მსჯელობის საგანია და ლოზუნგის დონეს ვერასოდეს გასცდა. მისასალმებელი იქნება, თუ ნაციონალური მოძრაობა მოახერხებს და სახელმწიფოსა და კერძო ბიზნესის დავაში წინ სასამართლოს როლს წამოწევს.